ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც  ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო [ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია].

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება”, – ნათქვამია განცხადებაში.


პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა Facebook-ზე ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორც ძალადობს ქალზე, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი.

„ვიდეოზე ასახულია მამაკაცი, რომელსაც აცვია პოლიციელის ფორმა. ჩემი წყარო ადასტურებს, რომ ეს არ იყო დაცვის პოლიციელი. ის იყო ჩვეულებრივი, რიგითი პოლიციელი, რომელიც ძალადობდა ქალზე. მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი“, – აცხადებს მარიამ სიჭინავა „TV პირველის“ ეთერში.