ზუგდიდში სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გრძელდება

პუბლიკა

გუშინ, ზუგდიდში გამართული აქციის შემდეგ, მონაწილეების ნაწილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა.

დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე გუბერნიის შენობასთან გაათენა.

„ვათენებთ გუბერნიასთან. სანამ მიშას არ გადაიყვანენ კლინიკაში, გუბერნიის შენობაში მშვიდად ვერ შევა ვერავინ”, — წერდა ანი წითლიძე.

დილიდან გუბერნიის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან აქციის მონაწილეები და დეპუტატი ანი წითლიძე.

გუშინ თბილისში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო ელენე ხოშტარიამ. ის საქართველოს პარლამენტის შენობაშია. ამბობს, რომ წყლის გარდა არაფერს მიიღებს და არ შეწყვეტს შიმშილობას მისი მოთხოვნების შესრულებამდე.