ზუგდიდში საოლქო კომისიის შენობაში ხმაურია, ოპოზიცია თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვს

პუბლიკა

ზუგდიდის საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ოპოზიციის სხვა ლიდერები იმყოფებიან და საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან, მირანდა მესხთან შეხვედრას მოითხოვენ. პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევს. ადგილზე იმყოფებიან: ელენე ხოშტარია, ლევან თარხნიშვილი, თამარ კორძაია, ეკა ხერხეულიძე.

ოპოზიციის ლიდერები გუშინ ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის შემდეგ შეცვლილ შედეგებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა ხმების ხელახალ გადათვლაზე.

„ველოდები, რომ მირანდა მესხი ღიად და საჯაროდ გამცემს კითხვაზე პასუხს, რატომ გახსნა ნახევარი საათის წინ ის დალუქული ოთახი, სადაც არის ბიულეტენები? რატომ იქექებოდნენ „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრები ამ ბიულეტენებში? რატომ გამოცვივდნენ სასწრაფოდ, როდესაც კომისიის ჩვენმა წევრმა ადგილზე შეუსწრო? გაუგონარ ამბავთან გვაქვს საქმე, კანონის მიხედვით, დალუქული ბიულეტენები, რომლებიც დალუქულ ოთახში უნდა ინახებოდეს და მათი გახსნა შეუძლიათ შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ხსნიან, შემდეგ ადებენ ლუქს ისე, როგორც ეს „ქართული ოცნების“ შტაბს მოუნდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ.

ზუგდიდის საოლქო კომისიაში გუშინ ხმების გადათვლის შემდეგ არჩევნების პირველ ტურში დამდგარი შედეგები შეიცვალა.

კერძოდ, ენმ-ის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა, რომელმაც პირველი ტური მოიგო, ხმების ხელმეორედ გადათვლის შემდეგ მანდატი დაკარგა. ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოემატა და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.

ამ გადათვლის შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის 45-კაციანი საკრებულოში მოპოვებული 23 მანდატიდან ერთი დაკარგა. პარტია 22 დეპუტატით უმრავლესობაში რჩება, თუმცა უმრავლესობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოში 23 მანდატი სჭირდება.

გუშინდელი გადათვლის შემდეგ ენმ-ს 22, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 19 მანდატი აქვს. სამი მანდატი საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიამ მოიპოვა.

ერთი მანდატი გაუნაწილებელია და მისი ბედი მეორე ტურში გადაწყდება ენმ-სა და „ოცნების” კანდიდატებს შორის. ამ მანდატის მოპოვების შემთხვევაში ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობას ენმ დამოუკიდებლად დააკომპლექტებს.