ზუგდიდში შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებიდან ამოყვანილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ.

ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან  გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.

მათივე ცნობით, არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება.

სახლი დევნილთა საცხოვრებელი იყო. ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას განცხადებით, შენობაში მცხოვრები ოჯახები დევნილთა სააგენტომ ჯერ კიდევ დეკემბერში დააკმაყოფილა ბინებით, ხოლო ის ოჯახი, რომლის არასრულწლოვანი წევრი შენობის ჩამონგრევისას დაშავდა, უახლოეს პერიოდში სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება.

„აღნიშნულ ობიექტზე, გამომდინარე იქიდან, რომ იყო მე – 3, მე -4 კატეგორიის ნგრევადი ობიექტი, მოხდა შენობის ნგრევა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნული ოჯახი, მონიტორინგის დროს, როგორც დევნილთა სააგენტო აღნიშნავს, არ იმყოფებოდა ადგილზე, როგორც კი ჩამოვიდა ოჯახი, მოხდა მათი მხრიდან განცხადების შეტანა, სოფლად სახლის პროექტში და მათზე არის მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, უახლოეს პერიოდში მოხდება უკვე დაფინანსებაც”, – თქვა გეგა შენგელიამ.