სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება დღეს ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები – ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება.
ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დღესვე, დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს, “- ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.