ზუკა ბერძენიშვილი: სინდისი დამიმშვიდდა, ამ რეჟიმის პირობებში გალახული თუ არ ხარ, კითხვები ჩნდება

პუბლიკა

აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კლინიკიდან გამოწერეს. მას ცხვირის ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

აქტივისტი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს.

„თავს კარგად ვგრძნობ, ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები. ცხვირის ოპერაცია ჩამიტარდა და 10 წლის წინანდელი ტრავმაც ბარემ ახლა გამისწორეს, ამიტომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, რაღაცნაირად სინდისი დამიმშვიდდა იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში გალახული თუ არ ხარ, რაღაც კითხვის ნიშნები ჩნდება”, – თქვა მან.

ზუკა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან გაიხსენა თავდასხმის ფაქტი. თქვა, რომ რამდენიმე ადამიანი უკნიდან მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამბობს, რომ ურტყამდნენ წაქცეულს.

აქტივისტის თქმით, თავდამსხმელების ამოცნობა გაუჭირდება, თუმცა ახსოვს მანქანა და მანქანის ნომერი, რომლითაც თავდამსხმელები მას სახლთან ელოდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ბერძენიშვილს არ აქვს იმედი, რომ საგამოძიებო უწყება მის საქმეს გამოიძიებს.

„სახლიდან რომ გამოვდიოდი დავინახე საეჭვოდ მდგარი მანქანა, შიგნით ერთი ადამიანი ჩანდა, ალბათ დანარჩენები ჩამალულები იყვნენ… გვემართე ჩემი მანქანისკენ,  რა დროსაც უკანიდან ხელი მკრა ვიღაცამ, ვის აგინებო, მთავრობას რატომ აგინებო – ეს იყო კონტექსტი. წაქცეულს წიხლებს მირტყამდნენ, რაღაც წინააღმდეგობას ვცდილობდი, სიმბოლურად, გაკვირვებულები გარბოდნენ, კიდე გვაგინებსო… [თავდამსხმელების] ამოცნობა გამიჭირდება, სახეზე ვერ დავინახე უკნიდან მირტყამდნენ, მანქანა დავინახე თეთრი ტოიოტა პრიუსი იყო, ნომერიც გადავეცით პოზიციას, თუმცა გამოძიების იმედი არ გვაქვს”, – ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის თქმით, ჯერ მისი გამოკითხვა არ მომხდარა. სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გამოჰკითხავენ.

„აქტივიზმის სანაცვლოდ ანაზღაურება არ მიმიღია არასდროს. პაპუაშვილი ამას ვერ გაიგებს, აბა, რას ვასკდებით თავით თუ ამაში კონკრეტულ დავალებას და ჩეკს არ გვიგზავნის ვიღაცა. [ოცნების წევრები] სხვა პლანეტაზე არიან და ის პლანეტა, რომელზეც გამოღვიძებული, ახალი საქართველო იდგამს ფეხს, არის ბევრად ძლიერი, ბევრად მასშტაბური“, – თქვა მან.

11 ივნისს აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ – მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დილით, 09:15-ზე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერია, რომ სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარითა და შეურაცხყოფით.

პაპუაშვილი წერს, რომ „მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს“.

ამავე პოსტში ის დონორებს „ტერორის ნორმალიზებაში“ ადანაშაულებს.

ამ პოსტით პაპუაშვილი გამოეხმაურა იმ შემთხვევებს, როცა მოქალაქეებმა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის ვიდეო გუშინ მარიამ წიწიკაშვილმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა 3 ივნისს დაწერა, რომ გურიაში, სოფელ ფამფალეთში „გაურკვეველი პირები ეძებენ და სოფლის გასასვლელში დგანან“.