ზურა ჯაფარიძე ანგარიშის დაყადაღებას თავის მაჟორიტარობის კანდიდატობას უკავშირებს

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ლიდერისა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ჯაფარიძემ ყადაღის დადების შესახებ მოსული შეტყობინების ფოტო Facebook-ზე გამოაქვეყნა. ის ანგარიშების დაყადაღებას დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მისი კანდიდატურის დასახელებას უკავშირებს. ის ფიქრობს, რომ ამ გზით მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა სურთ, რაც კამპანიის ჩატარებაში შეუშლის ხელს.

„ვუკავშირებ პირდაპირ ამ ამბავს, რომ დღეს დილით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარად ჩემი კანდიდატურა დავაყენე. მე მაქვს არაერთი ჯარიმა, ნაწილი წლების წინ არის გამოწერილი და აქამდე სახელმწიფოს ამ ჯარიმების მოკითხვა არ გახსენებია, თაროზე იყო შემოდებული და ინახავდნენ. ჯარიმები, რომლებიც გამოწერილი მაქვს, ჯამში შესაძლოა ათი ათასამდე იყოს. არცერთხელ არ უცდიათ ამოღება. პირველად 2018 წლის 2 მაისს დამაკავეს და მაშინ გამომიწერეს 2000 ლარიანი ჯარიმა, მაგრამ არავის მოუკითხავს“, – განუცხადა „პუბლიკას“ ზურა ჯაფარიძემ. მისი თქმით, სმს-ით მიღებულ შეტყობინებაში არ ჩანს, რომელ შემთხვევაზე გამოწერილი ჯარიმის ამოღება დაევალა აღსრულების ბიუროს. ამისთვის გეგმავს, მივიდეს ბიუროში და ადგილზე მოიკითხოს კონკრეტულად რომელი საქმე გადასცეს აღსრულებაზე.

„მე ბევრი ჯარიმები მაქვს. აქამდე არ გახსენებია სახელმწიფოს. დღეს 17:12 წუთზე გადასცეს აღსრულებას. ერთადერთი ვუკავშირებ განცხადებას, რომ მაჟორიტარობას ვაპირებ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. სხვა ახსნა არ მაქვს“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, სავარაუდოდ, აქამდე ხელისუფლება ერიდებოდა პოლიტიკოსის ჯარიმის გაშვებას აღსრულებაზე და ახლა ამ გზით მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა სურთ.

„მინიმუმ შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ ასე დამაფრთხობენ, მაქსიმუმ შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ფინანსური პრობლემები შემექმნება. ჩემი აქტივობა პოლიტიკური, ისევ როგორც ჩემი პირადი ხარჯები, ფინანსდება ჩემი დამფინანსებლების მიერ, რომლებიც მათ შორის პირად ანგარიშზე მირიცხავენ ფულს. ზოგი 5 ლარს, ზოგი 20 ლარს და ზოგი 100 ლარს. ეს თანხა დამაკლდება კამპანიაში, რომელიც უნდა ჩავატარო. ჩვენ ბევრი ფული ისედაც არ გვაქვს“, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

კითხვაზე – მისი ინფორმაციით, მიიღებს თუ არა მისი კანდიდატურა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერას – გვიპასუხა, რომ კვირის ბოლოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრება გაიმართება და იქ გადაწყდება ეს საკითხი, ექნება თუ არა მხარდაჭერა.