ზურა ჯაფარიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის

პუბლიკა

პარტია „გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, – ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

„რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა” მიიღო გადაწყვეტილება, გამოთიშვოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით, გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე.

მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს” კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული.

ამავე დროს, იმის გამო, რომ თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი დროში გაიწელა, „გირჩმა” მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია „გირჩის” მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში.

ამიტომ გადავწყვიტე „გირჩის” სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში.

წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში.

იმედი მაქვს, ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედიაპლატფორმაზე ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში”, – წერს ჯაფარიძე.


დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების” კანდიდატი გია ვოლსკია. ამავე ოლქში კენჭისყრას აპირებს ანა დოლიძეც.