ზურა ჯაფარიძემ გარკვეული ულტიმატუმი წამოგვიყენა – სანდრო რაქვიაშვილი

პუბლიკა

„გირჩის“ წევრი და პარტიული სიის მე-4 ნომერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ორი დღის წინ ზურაბ ჯაფარიძემ მათ ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომ, როგორც რაქვიაშვილი ვარაუდობს, იაგო ხვიჩია უნდა ჩამოსცილებოდა პარტიის მმართველობას და კონტროლი დაწესებულიყო იმაზე, რაზე ესაუბრათ საჯაროდ.

„გუშინწინ საღამოს ზურამ ჩვენ გარკვეული ულტიმატუმი წაგვიყენა, რომლის შინაარსი იყო, რომ ჩვენ უნდა ჩამოვცილდეთ… ახლა, ამ შემთხვევაში, ეს ალბათ უკვე ეხება იაგოს, ჩამოსცილდეს პარტიის მართვისგან და, მათ შორის, გარკვეულ ცენზურას იმაზე, თუ რაზე ვილაპარაკოთ და რაზე არ ვილაპარაკოთ. კიდევ იყო ორი ნაკლებად მნიშვნელოვანი პუნქტი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა „ტელეკომპანია პირველთან“.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ისინი ცდილობდნენ, კომუნიკაცია ჰქონოდათ ზურაბ ჯაფარიძესთან და გაერკვიათ ულტიმატუმის მიზეზი, თუმცა უშედეგოდ. რაქვიაშვილი ამბობს, რომ არც დღევანდელი გადაწყვეტილების მიზეზი არ იცის.

ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელი რამ არის „გირჩში“, რომ ვიღაცამ ცენზურა დააწესოს თემებსა თუ პოზიციებზე. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იყო მცდელობა, გუშინ საღამოს, საუბარი ყოფილიყო მიზეზზე ამ ყველაფრის; საუბარი არ შედგა; მარტო ვახო მეგრელიშვილის 3 მცდელობა ჰქონდა ასეთი და ჩვენც არ ვიცით, რა არის ულტიმატუმისა და დღევანდელი განცხადების მიზეზი“, – განაცხადა მან.

დღეს, 4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაპოსტა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის „გზები გაიყო“.

ჯერჯერობით, უცნობია, რა ფორმით გააგრძელებს პარტია მუშაობას. ოთხივე პოლიტიკოსს „გირჩიდან“ პარლამენტის მანდატი აქვს.