„ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება" – იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არსად არ წავა

პუბლიკა

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არ იცის, რა გახდა ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიზეზი, რადგან მას ჯაფარიძესთან კონფლიქტი არ ჰქონია და არც მისი პოსტის შინაარსის შესახებ აქვთ განსხვავებული აზრი.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ის პარტია „გირჩიდან“ წასვლას არ აპირებს.

„არ მჯერა, რომ მე და ზურას ამ პოსტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს და ზურა ჯაფარიძე არ იმსახურებს, ვთქვა, რომ ამ პოსტის გამო შეიძლება პარტიიდან წავიდეს. მეც ძალიან მინდა თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი, მე, ვახოს მეგრელიშვილისგან განსხვავებით, მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, ზოგადად მე არ შევცვლილვარ და ისეთი ვიყავი, ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, მე არ ვიცი და ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება, უბრალოდ, არ ვიცი და თქვენთან ერთად ვარკვევ.

ზურა ჯაფარიძეს არასდროს უთქვამს, რომ ერთი კაცის პარტიას აშენებდა. მე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი ასეთ პარტიაში. უბრალოდ, ხალხი არსებობს, რომლებიც ასე მიიჩნევდნენ. მე არსად წავალ. მე აქ ვცხოვრობ. აქ დავიბადე. „გირჩი“ მე ვარ. ზურაც „გირჩია“ და რას ფიქრობდა, როცა წერდა პოსტს, მე არ ვიცი.

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნი ვართ, ერთ აზრზე ვართ. მე მგონია, რომ ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხი ჩვენთვის. ზოგადად მე და ზურა სამყაროს ერთნაირად ვუყურებთ და შეუძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა მეორე ადრესატი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მასსა და ჯაფარიძეს შორის „ადამიანური კონფლიქტი“ არსებობს. ვახო მეგრელიშვილი ვარაუდობს, რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა ჯაფარიძემ ამ ფორმით გადაწყვიტა.

„მე თქვენთან ერთად მინდა გავარკვიო, რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობების პრობლემა ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გვქონდა. ძალიან მოულოდნელი დროა ამისთვის შერჩეული. მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობს ზურა, როგორ აპირებს გაგრძელებას, როგორი იქნება ჩვენი კოორდინაცია ამ კრიზისულ პერიოდში. ოთხივე ყოველდღიურად ვიყავით ჩართული მოლაპარაკებებში. არანაირი განსხვავებული აზრი იმ პროცესთან მიმართებაში, სადაც ჩართულები ვიყავით, არ არსებობდა. ამ შიდა პრობლემის როგორი გადატანა მოხდება გარე ველზე, მინდა, უბრალოდ გავიგო. ჩემი სავარაუდო ვერსია, რომელიც მინდა, რომ იყოს მიზეზი – ჩვენ შორის იყო დიდი ხნის ადამიანური კონფლიქტი. ვისურვებდი, რომ მიზეზი იყოს ჩემსა და ზურა ჯაფარიძის შორის პირადი, ადამიანური კონფლიქტი, წყენა და ა.შ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.