ზურა მახარაძე: ლევან ჩაჩუამ მოგვცა, გვაჩუქა თავისი პარტია

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის თქმით, მათი პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ლევან ჩაჩუამ „თავისი პარტია აჩუქა“ მათ.

რეესტრის მიხედვით, ლევან ჩაჩუა პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარეა.

„ამათ ხომ ჰგონიათ, რომ ჩვენ დაგვასრულეს…. პარტია არაა ჩანაწერი საჯარო რეესტრში, პარტია არის ხალხის ერთობა… ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. უღრმესი მადლობა მათ ამ ქმედებისთვის… ამ პარტიას წინა არჩევნებზე მონაწილეობა აქვს მიღებული, ამიტომ რეგისტრაციაც გავლილი აქვს… დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ლევან ჩაჩუას და მის თანამებრძოლებს. როცა ვამბობთ, რომ ერთობა უნდა შედგეს, ერთობა ასე უნდა შედგეს”, – განაცხადა ზურა მახარაძემ 13 აპრილს გამართულ აქციაზე.

ლევან ჩაჩუას თქმით, „ქართული იდეა“ მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ჭეშმარიტ მამულიშვილთა ერთობა.

„ჩვენ საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი მოძალადე რეჟიმის რეპრესიები და თავი ვალდებულად მივიჩნიეთ, გვერდში დავდგომოდით სისტემისგან უსამართლოდ დევნილ ქრისტესმიერ ძმებს და დებს, ვისთანაც, მიუხედავად გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობისა, გვაერთიანებს უმთავრესი ქრისტიანული ტრადიციული ღირებულებები…“, – წერს ის facebook-ზე.

პარტიათა რეესტრის მიხედვით, პარტია „ქართული იდეა“ 2014  წელს დარეგისტრირდა. რეესტრის მიხედვით, ამ ეტაპისთვის პარტიის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციაზე განცხადება არ იძებნება.


რუსული კანონის მხარდამჭერის, პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალნი არიან პოლიტიკური სივრციდან, – ამის შესახებ მან 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, 2012 წლიდან, 2012, 2013, 2014 წლებში, მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები, მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20 პროცენტს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალნი არიან პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ – „ალტ-ინფო“, მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები. ერთადერთი პრორუსული ორგანიზაცია, რომელიც აქამდე აქტიურობდა, მასაც აქვს ეგზისტენციური პრობლემები“, – განაცხადა კობახიძემ.