ზურა მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ ევროკავშირის დროშა დაწვეს, ისინი პოლიციაში გადაიყვანეს

პუბლიკა

პრორუსული „ალტ-ინფოს” ლიდერებმა, ზურა მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

მათი თქმით, ეს თანამოაზრის ლაშა შალუხიას სოლიდარობის ნიშნად გააკეთეს. პრორუსული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, შალუხია სწორედ ევროკავშირის დროშის დაწვის გამოა დაკავებული.

„ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მახარაძეს და მარტინენკოს პოლიციის მანქანაში სვამენ. შსს ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ ისინი დაკავებულები არიან.

კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

თუ ამ ქმედების ჩამდენია ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი, მაშინ ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.