„ალტ-ინფოს” წევრმა, ზურა მახარაძემ საჯარო რეესტრს პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის” რეგისტრაციისთვის მიმართა.
განცხადება რეესტრში 22 ნოემბერს დარეგისტრირდა. წარდგენილ დოკუმენტებს შორისაა პარტიის წესდება და ყრილობის ოქმი.
პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია. პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს გიორგი ქარდავა.
პროცედურის მიხედვით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს ერთი თვის ვადაში.
პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს.
პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე, უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის მითითებით.
პარტიას შეუძლია რეგისტრაციაზე უარი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.
რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია ხელახლა წარადგინოს დოკუმენტები სარეგისტრაციოდ.