ზურაბ ჩხაიძე, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორისა და დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მონიტორინგს კლინიკაში გააგრძელებენ. მისი თქმით, ჟურნალისტს გააცნეს 30-დღიანი შიმშილობისას შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმაცია, რაც მზია ამაღლობელმა გაითვალისწინა და ის მონიტორინგის მიზნით, კლინიკაში რჩება.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი არის უცვლელი, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს, თუმცა მას აქვს გარკვეული სახის ჩივილები, რაც, ზოგადად, ახასიათებს ამ შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პარასკევს ექიმთა ჯგუფმა ნახა პაციენტი, შემდეგ ჩვენ შევხვდით მათ და ერთობლივი, შეჯერებული რეკომენდაციები გავეცით, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა – აქ იყო საუბარი იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ახასიათებს, ზოგადად, ამდენი დღის შიმშილის ეფექტს. დღეს დილიდან მკურნალ ექიმთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი, შესრულდა საკონტროლო კვლევები, ვნახეთ სხვადასხვა პარამეტრი, ლაბორატორიული კვლევის შედეგები. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ შევხვდით კიდევ პაციენტს, ავუხსენით მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და მოსალოდნელი გართულებები.
უნდა გითხრათ, რომ ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია და აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს. მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, ჩვენი კლინიკის პირობებში. კლინიკაში რჩება. 30-დღიანი შიმშილობის ჩივილები უკავშირდება ზოგად სისუსტეს. ჩივილები იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს გარკვეული გართულება, ამიტომ ინფორმირებულია ამ გართულების შესახებ და აქედან გამომდინარე, მან განაცხადა თანხმობა. მან გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ გავუწიეთ, ავუხსენით მას მოსალოდნელი გართულების შესახებ და აქედან გამომდინარე, ის დასთანხმდა, გაგრძელდეს კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი”, – განაცხადა მან.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში” კვლევებისთვის გადაიყვანეს.
7 თებერვალს მზია ამაღლობელი „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. ექიმების საერთო პოზიციაა, რომ რადგან მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, ის კლინიკაში უნდა დარჩეს. ამაღლობელმა ექიმებს უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება უნდა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.