ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოებენ 

პუბლიკა

9 დეკემბერს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სიკვდილის შემდეგ  თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება.

„ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც მოხდა კანონშემოქმედების სისტემატიზაცია, ასევე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, 9 დეკემბერს, ოთხ საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართება ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და პრემიერმინისტრი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

ზურაბ ჟვანია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმეში ჩაერთნენ FBI-ის წარმომადგენლები.