კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ფაღავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილ კონსილიუმს ტოვებს.
ფაღავამ მიზეზად საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა. „TV პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ის განმარტავს, რომ შაბათს, ბოლო კონსილიუმის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და წერილით მიმართა პენიტენციური სამსახურის ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსს, შეჩერებულიყო მისი აქტივობა.
„თუ ჩამანაცვლებენ, ჩამანაცვლონ, თუ არადა, როცა უკეთ გავხდები, შეიძლება, დავბრუნდე“, – აცხადებს ის.
ზურაბ ფაღავა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი კონსილიუმის წევრი იყო.
19 ოქტომბერს სწორედ მან გააკეთა მედიასთან განცხადება იმის შესახებ, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.
20 ოქტომბერს სააკაშვილის შიმშილობის მე-20 დღეს, „ფორმულას“ ეთერში ჩართვის დროს ფაღავამ განაცხადა, რომ „კრიტიკული დღეებია, როცა ყველანაირი გართულების ალბათობა მნიშვნელოვნად მატულობს“. ექიმი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მიმართულებით გართულებებს პროგნოზირებდა.
მან განმარტა, რომ პრევენციული ჰოსპიტალიზაცია კვალიფიციურ ექიმებთან ერთად სასიცოცხლო პარამეტრების სამეთვალყურეოდაა საჭირო.
გუშინ ზურაბ ფაღავამ „TV პირველთან“ განაცხადა, რომ კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
„დავწერეთ ტიპი კლინიკის, როგორ კლინიკაში ჯობია რომ იყოს გადაყვანილი. ნუ დავწერეთ, რომ არის ეს მრავალპროფილური კლინიკა, იყოს […] სადიაგნოსტიკო საშუალებები და სხვადასხვა პროფილის ექიმები“, – განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტს გლდანში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.
დაწესებულება მან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გუშინ მოინახულეს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ექიმები ამბობენ, რომ ამ „დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად“.
მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კონსილიუმის წევრებს მიეცემათ კლინიკის დათვალიერების შესაძლებლობა.
სააკაშვილის ადვოკატები ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებიან.
გუშინ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელა.
ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.