დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მისი კონკურენტი ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდების მხარდაჭერას ელოდება, ამ ფონზე კი ვოლსკის არქაულობის წარმოჩენას ცდილობს. გია ვოლსკიმ გაიხსენა, რომ ჯაფარიძე წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც იყო.
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ცდილობს, თავისი ნიშა დაიკავოს, სადაც ახალგაზრდების მხრიდან მხარდაჭერას ელოდება და მე წარმომაჩინოს ისე, თითქოს, რაღაც ძველი, არქაული შეხედულებების ადამიანი ვარ. რაც არა თუ არასწორია, არამედ საქმითაც დასტურდება.
აქამდე საკმაოდ სერიოზულად და დიდი ხნით იყო გაწევრებული ეს ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობაში“, სადაც ლიბერალიზაციაზე [კანაფის] არასდროს ყოფილა საუბარი. პირიქით, ცემაში და წამებაში ამოხადეს სული ახალგაზრდებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ზურაბ ჯაფარიძე ქადაგებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტია „გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, – ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.
„იმის გამო, რომ თბილისის 6 ოლქის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი დროში გაიწელა, „გირჩმა” მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.
… გადავწყვიტე „გირჩის” სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში“, – დაწერა ჯაფარიძემ.
ამავე პოსტით მან თავისი კონკურენტი გია ვოლსკი საჯარო დისკუსიაში გამოიწვია სასაუბროდ „ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ დეოკუპაცია“.
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების” კანდიდატი გია ვოლსკია. ამავე ოლქში კენჭისყრას აპირებს ანა დოლიძეც.