ზურაბ ჯაფარიძე 31 დეკემბრის ღამეს ხალხს დაბადების დღეზე ეპატიჟება

პუბლიკა

ახალი პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ე.წ. ივენთის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და 31 დეკემბრის ღამეს, მოქალაქეებს საკუთარ დაბადების დღეზე ეპატიჟება. „ჯერ სახლში, მერე ჯაფარასთან“ – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომლის გამართვაც რიყეზე მდებარე ერთ-ერთ კლუბშია დაგეგმილი.

” 31 დეკემბრის ღამეს ჩვენს ქალაქში პრაქტიკულად არსად არაფერი ხდება. არადა, გარდა იმისა, რომ ახალი წელია, 31-ში დავიბადე, 23.45-ზე, 1 იანვარი მიწერია დაბადების მოწმობაში. რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანა გაყინულია და არ იცით როგორ გაერთოთ ახალი წლის ღამეს: გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე. რადგან მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები.” – ვკითხულობთ ღონისძიების ტექსტში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ წელს შობა და ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ და არ გამართონ დიდი წვეულებები.

„მინდა, მედიას ვთხოვო, ფართოდ გაშუქდეს ეს საკითხი. მიუხედავად სტაბილიზაციისა და კლების ტენდენციისა ამ შეზღუდვების ფონზე, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. წელს ბევრად მოკრძალებული ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ 16 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.