ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „რეფორმერფიტნესს“ საცხოვრებელ სახლად ქირაობს

პუბლიკა

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სპორტდარბაზ „რეფორმერფიტნესს“ საცხოვრებელ სახლად ქირაობს და ვარჯიშის მსურველებს შეეძლებათ, მასთან სტუმრად მივიდნენ და სასურველი აქტივობით დაკავდნენ.

„ვქირაობ მთელ ამ დარბაზს, ზეპირი ხელშეკრულებით, ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება, სანამ რეგულაციები იქნება, საცხოვრებელი სახლი. სადაც მექნება სავარჯიში ინვენტარი, რომელსაც აქირავებს გიორგი (დარბაზის დირექტორი) ფართთან ერთად და ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ივარჯიშოთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან სტუმრად სახლში და ივარჯიშოთ“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის ლაივში.

„რეფორმერფიტნესი“ შრომის ინსპექციამ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა. ფიტნესცენტრმა, აკრძალვის მიუხედავად, საქმიანობა არ შეწყვიტა.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ობიექტის დაჯარიმების საფუძველი ეკონომიკური საქმიანობა გახდა, ანუ ის, რომ სალარო აპარატი მუშაობს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ის დარბაზს სახლად იქირავებს, შრომის ინსპექციას შეუძლია შეამოწმოს, რომ აქ სალარო აპარატი აღარ იმუშავებს და რეგულაციაც არ დაირღვევა.

„ტელეკომპანია პირველის“ ვიდეომასალაში ჩანს, რომ შრომის ინსპექცია და პატრული „რეფორმერფიტნესში“ დღესაც იყო მისული.

ინსპექციის წარმომადგენლებმა ფიტნეზდარბაზის წარმომადგენლებს გააცნეს, რომ „დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის 322-ე დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, განხორციელდა აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა“.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელის განმარტებით, ფიტნესცენტრის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

მისივე თქმით, განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 248 პრიმა მუხლის შესაბამისად და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა.