ზურა ჯაფარიძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
„დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან მოითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა, აქ იმუშავეო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
2 თებერვალს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის სიით არჩეული 51 დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.