ზურაბ ჯაფარიძე სუს-ის შენობასთან ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმეს

პუბლიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მისი რამდენიმე თანმხლები პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართული აქცია-პერფორმანსის შემდეგ დააჯარიმეს. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა შენობის შესასვლელთან საყოფაცხოვრებო ნაგავი დაყარა, რის გამოც პოლიციამ მას 80-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არასტანდარტული პროტესტი მისი აზრით უფრო ეფექტურია, ვიდრე თუნდაც მრავალრიცხოვანი აქცია, ამიტომ იმავეს გაკეთებას კიდევ აპირებს.

„მე არ მჯერა ტრადიციული პროტესტის ფორმების. შევიკრიბეთ მიტინგზე, „ჯოს, ჯოს!“ ვიყვირეთ და დავიშალეთ, მგონია, რომ არის უკიდურესად არაეფექტური და პირიქით, სისტემა უკვე შეგუებულია მაგას და იცის როგორ გებრძოლოს. მათ შორის ბევრი ხალხისთვის წყლის ჭავლი აქვს, გაზი და ა.შ.

მე მჯერა სხვა გზების, როგორიცაა ნერვების მოშლა, საბოტაჟი და მუშაობის პარალიზება. სუსი არის კარგი სამიზნე, სუს-დან მაგიტომ დავიწყეთ. იმიტომ, რომ აქედან იმართება ეს ქვეყანა. ამ შენობიდან. დანარჩენი ინსტიტუტები არის ფორმალობა.

ეს არის ერთადერთი, რომელსაც ლილუაშვილი მართავს და ბიძინას უზის. აქედან ამართინებს ყველაფერს, მათ შორის არჩევნებსაც ატარებს აი ეს შენობა. ამიტომ მოვედით აქ, გავაპროტესტეთ და დავყარეთ ნაგავი. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, კიდევ მოვალთ და დავყრით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ დაჯარიმების შემდეგ.