ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „JAPARASTAN“, დაჯარიმების მიუხედავად, ისევ გახსნა

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „JAPARASTAN“ დაჯარიმების მიუხედავად მაინც გახსნა.

მისი განცხადებით, ბარი არ დაემორჩილება არც ერთ რეგულაციას, სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება.

„ბარი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. გუშინ გამაფრთხილეს, რომ იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, როდესაც ეს ბარი გავხსენი ვთქვი, რომ იმუშავებდა ბოლომდე , ვიდრე მე არ დამიჭერენ. თუ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, უნდა მიმართონ პარლამენტს და მოსთხოვონ უფლებამოსილების გაუქმება, რაც მე მანამდე თავად გავაკეთე და უარი მითხრეს. თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უფლებამოსილების გაუქმება, კომერციული საქმიანობა მეკრძალება და ამ საქმიანობის გამო დამაჯარიმეს. დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში დაპატიმრება“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.


„გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები წუხელ მივიდნენ და ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის, მაია მიქაიას განცხადებით, თუ ობიექტი არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას ისევ განაგრძობს, ობიექტი დაილუქება და ფიზიკური პირის მიმართ გამოყენებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბარი 13 იანავრს გახსნა. მისი თქმით, ეს იქნება ბარი, რომელიც დაარღვევს არსებულ რეგულაციებს. კორონავირუსის პრევენციისთვის მოქმედი რეგულაციებით, საღამოს 9 საათის მერე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა, ასევე შაბათ-კვირას აკრძალულია ბარ-რესტორნების ფუნქციონირება. სამუშაო დღეებში მათი მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ღია სივრცეში მოემსახურებიან.