ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა

პუბლიკა

გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა.

ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, მის გათავისუფლებამდე 1 თვეა დარჩენილი.

სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ეკუთვნის.

კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსით, პირობით ვადამდე გათავისუფლება, სხვა პირობებს შორის, შეიძლება მაშინ, თუ მსჯავრდადებულმა ფაქტობრივად მოიხადა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი და მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

ჯაფარიძე ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ამიტომ, პოლიტიკოსის ცნობით, მას ამ უფლებით სარგებლობა შესთავაზეს.

„თუმცა, ვინაიდან არცერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა“, – ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ზურაბ ჯაფარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 7-თვიანი პატიმრობა თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 23 ივნისს მიუსაჯა. ის ერთი თვით ადრე, 22 მაისს დააკავეს, 7-თვიანი ვადა კი 2025 წლის 22 დეკემბერს ამოიწურება.