ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პუბლიკა

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის ბრალდებული იოსებ მაისურაძე გორის სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

17 ივნისს ბორჯომში „ლიბერალური აკადემია“ სემინარს მართავდა. დილით, სემინარში მონაწილეობის მისაღებად მიმავალ ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან“ თავს დაესხნენ.

მოგვიანებით, გორში მცხოვრებმა სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ მან მიაყენა.

ამ ფაქტიდან მალევე, სასტუმროსთან, სადაც სემინარი იმართებოდა, 60-მდე ადამიანი მივიდა. ისინი ისროდნენ ქვებს, სემინარიის მონაწილეების მისამართით იგინებოდნენ. ისმოდა მუქარის შემცველი შეძახილები.