„გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი წუხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დალუქეს, ორი თანამშრომელი კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ზურაბ ჯაფარიძე ბარში არ იმყოფებოდა. მისი გუნდის წევრები ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომლებს მათთვის ორდერი არ წარუდგენიათ.
„თავიდან არ ვუშვებდით, მაგრამ მერე გვითხრეს, საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკის სახით. შემოვიდნენ, ყველას სთხოვეს ტერიტორიის დატოვება. დავრჩით სტაფის წევრები. ლაივი როცა ჩავრთე, გამათიშინეს, საგამოძიებო მოქმედებებს ხელს უშლიო და მითხრეს, რომ ტერიტორია დამეტოვებინა“, – განაცხადა ანა ყურაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მისვლამდე ზურაბ ჯაფარიძესთან შრომის ინსპექცია მივიდა.
შრომის ინსპექციის წარმომადგენლის, მაია მიქაიას განცხადებით, დაფიქსირდა განმეორებით არანებადართული საქმიანობა, რის შესახებაც ინფორმაცია გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი თქმით, სავარაუდო მოსალოდნელი სანქცია შეიძლება იყოს ბარის დალუქვა ან დამრღვევი სუბიექტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დალუქვის შემთხვევაში ბარს ისევ გახსნის და გააგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებენ, მაშინ მას უნდა გაუუქმდეს სადეპუტატო იმუნიტეტი.
ჯაფარიძის ბარის დალუქვაზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბარი დალუქეს და საქმიანობა შეუჩერეს.
დადგინდა, რომ აღნიშნული დაწესებულების დროებითი მფლობელი – ზ.ჯ. საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა 14 თებერვალს 2 000 ლარით დააჯარიმა.
ასევე დადგინდა, რომ ბარმა კვლავ განაგრძო მუშაობა და აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა როგორც ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. განმეორებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ზემოთ აღნიშნულ ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს. საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბარი 13 იანავრს გახსნა. მისი თქმით, ეს იქნება ბარი, რომელიც დაარღვევს არსებულ რეგულაციებს. კორონავირუსის პრევენციისთვის მოქმედი რეგულაციებით, საღამოს 9 საათის მერე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა, ასევე შაბათ-კვირას აკრძალულია ბარ-რესტორნების ფუნქციონირება. სამუშაო დღეებში მათი მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ღია სივრცეში მოემსახურებიან.
ბარის ფუნქციონირების გამო ჯაფარიძე „შრომის ინსპექციამ“ 2000 ლარით დააჯარიმა.