15:00 საათზე ზურაბ ჯაფარიძის პროცესი იწყება.
მას დიდი ალბათობით, დააკავებენ იმის გამო, რომ არ გადაიხადა გირაო, რომელიც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეუფარდეს.
სასამართლოს ეზოში მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. დაკეტილია სასამართლოს ეზოს ჭიშკარი.
14:00 საათზე დანიშნული იყო აქცია ზურაბ ჯაფარიძის მხარდასაჭერად.
სასამართლოს მანდატურები სასამართლოს ეზოში არ უშვებენ ადამიანებს, თუ ისინი იტყვიან, რომ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებენ.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ამბობენ, რომ სხვა პირების პროცესზე მიდიან, ამოწმებენ, არის თუ არა შევსებული დარბაზში ადგილები.
მანდატურები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება.
სასამართლოს ეზოში მხოლოდ ისინი არიან, ვინც ადგილზე ცოტათი ადრე მივიდა.
ადგილზეა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, სერგი ბზიშვილი. მედიასთან მან თქვა, რომ სასამართლოს ეზოში შესვლაზე გადაწყვეტილებას მანდატურები იღებენ და არა თავად.
ადგილზეა თავად საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც. მისი თქმით, ადგილზეა პოლიციელების ის რაოდენობა, რამდენიც საჭიროა უსაფრთხოების დასაცავად.
ჟურნალისტებს ეზოში უშვებენ, თუმცა, არ უშვებენ სასამართლოს შენობაში, თუ მაქვთ აქვთ ვიდეოკამერები.