ზურაბ ხანგოშვილის თქმით, იმედგაცრუებულია, რადგან მისი ძმის მკვლელის გათავისუფლებაზე ოჯახს არ ჰკითხეს

პუბლიკა

1 აგვისტოს აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს. მათ შორის იყო ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში წარმოშობით ჩეჩენი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ ვადიმ კრასიკოვს რუსეთში ვლადიმერ პუტინი პირადად შეეგება.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლების შესახებ გერმანულმა გამოცემა Bild-მა კომენტარისთვის მის ზმას, ზურაბ ხანგოშვილს მიმართა. ზურაბის თქმით, მათთვის არავის შეუტობინებია, რომ კრასიკოვის გათავისუფლება განიხილებოდა, რის გამოც იმედგაცრუებულია.

„მე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე Telegram-ზე, რომ იგეგმებოდა პატიმრების გაცვლა. ჩვენთვის ეს არავის შეუტყობინებია“, – უთხრა ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემას.

ზურაბ ხანგოშვილის თქმით, ის მოხარულია რუსეთის მიერ დაპატიმრებულთა გათავისუფლებით და ზელიმხანის ოჯახი უარს არ იტყოდა, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთისთვის კრასიკოვის გადაცემაზე, თუმცა იმედგაცრუებულია, რომ ისინი საქმის კურსში არავინ ჩააყენა.

„ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია, ჩვენ კი თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. ბავშვები დაობლდნენ, მე დავკარგე ჩემი საყვარელი ძმა და მკვლელს შეუძლია თავის ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია…

…მათ რომ უბრალოდ ჩემთვის, ჩვენთვის ეკითხათ. მე დავეთანხმებოდი, თუ მეტყოდნენ, რომ პუტინის პატიმრობიდან რამდენიმე პატიმარი გათავისუფლდებოდა“, – თქვა ზურაბ ხანგოშვილმა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ის ჩეჩნეთის მეორე ომის ვეტარი იყო, შემდეგ კი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან. ხანგოშვილის მკვლელობა თავდაპირველად თბილისში 2015 წელს სცადეს, თავდამსხმელმა მას რამდენჯერმე ესროლა. ხანგოშვილზე თავდასხმის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

რამდენიმე წლის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში გადასახლდა, სადაც მას მეორედ დაესხნენ თავს და მოკლეს. გერმანიის პროკურატურის განცხადებით, კრასიკოვი რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.