ზურაბ მახარაძე: „ალტ ინფო“ არჩევნებში მონაწილეობას „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიით მიიღებს

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს” განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის” დახმარებით მიიღებენ.

ზურაბ მახარაძემ თქვა, რომ „პატრიოტთა ალიანსთან” შეთანხმება მიღწეულია და ახლა მიმდინარეობს მუშაობა „სხვა კონსერვატიულ ძალებთანაც“.

„ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურადაც გვაქვს თანხვედრაც და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ახლა არის საპარლამენტო პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გამოეყო და ცალკეა, იურიდიულად საპარლამენტო პარტიაა და არაფრის შეგროვება არ სჭირდება, არც ხელმოწერები. უკვე იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მისი დაბლოკვაც შეუძლებელია”. – თქვა მან.

ალტ ინფოს” ლიდერი ამბობს, რომ პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„კონსერვატიულ ფლანგზე ვინც არის მეტ-ნაკლებად წონიანი, მართლა კონსერვატიული ძალა, გაერთიანდება და „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის მეშვეობით ეს დიდი ეროვნული ერთობა მიიღებს არჩევნებზე მონაწილეობას“. – თქვა მახარაძემ.

„ალტ ინფოს” პარტიას ცესკომ რეგისტრაცია 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმა. მიზეზად ხარვეზი დასახელდა. კერძოდ, რეესტრის თანახმად, პარტიას 2021 წლის დეკემბერში გამართულ ყრილობაზე მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ გაუკეთებია.

გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკომ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა წარდგენილი ხელმოწერების ფონზე. როგორც პარტიის წევრები ამბობდნენ, მათ საჭირო 25 ათასი ხელმოწერის ნაცვლად 50 ათასი წარადგინეს.

„ალტ ინფოს” პარტიის გაუქმების შესახებ რეესტრის გადაწყვეტილების შემდეგ მათ „ქართულმა იდეამ” პარტია აჩუქა. 26 აპრილს რეესტრმა მისი გაუქმების პროცესიც დაიწყო. მიზეზად დაასახელა „რეესტრში შესული ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას”.

მაშინ „ალტ ინფომ” განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას” არ სურს, მათი სახით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკურენტი ყავდეს.