ზურაბაშვილის საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო

პუბლიკა

ლევან ზურაბაშვილის საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას მისი ადვოკატები ალესანდრე კობაიძე და ბექა ჯანელიძე ამბობენ, ზემდგომ ინსტანციას საჩივრით თებერვალში მიმართეს. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების ვადად 6 თვეა გათვალისწინებული.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაცვის მხარის საჩივარს სრულად გაიზიარებს, ზურაბაშვილი საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ვინაიდან მისთვის თავისუფლების აღკვეთის ათვლა დაწყებულია 2020 წლის ნოემბრიდან – პატიმრობის შეფარდების დღიდან.

რა მუხლით აქვს მისჯილი სასჯელი ზურაბაშვილს და როგორია დაცვის მხარის პოზიცია

2020 წლის 20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შევარდა და როგორც შემდგომში გაირკვა, არანამდვილი იარაღის (პისტოლეტის და ხელყუმბარის) მუქარით წამოაყენა მოთხოვნები საბანკო პროცენტების შემცირებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და აზარტული თამაშების აკრძალვაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ორი ან მეტი პირის მიმართ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით. საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ სააპელაციომ მას ბრალი გადაუკვალიფიცირა შედარებით უფრო მსუბუქ მუხლზე, კერძოდ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე და საბოლოოდ, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ზურაბაშვილს განზრახული არ ჰქონდა მიკროსაფინანსო კომპანიაში მყოფი ადამიანების საფრთხეში ჩაგდება. „პუბლიკისთვის“ მიწოდებული საკასაციო საჩივრით ისინი კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ და მიაჩნიათ, რომ ზურაბაშვილის  ქმედება შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლს – „იძულებას“.

ადვოკატების თქმით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირისთვის გადაადგილების შესაძლებლობის ობიექტურად წართმევასთან. „იძულების“ შემთხვევაში კი [რაზე გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვენ], როგორც წესი, პირს გადაადგილების შესაძლებლობა ობიექტურად წართმეული არ აქვს. დაცვის მხარის პოზიციით, ის ფაქტი, რომ მუქარით შეშინებული პირი არ გადაადგილდება, წარმოადგენს მის იძულებას.

ადვოკატების მიერ დასახელებული იძულების მუხლი კანონში ასეა განმარტებული:

„ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“. ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით, ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

„რას ამბობენ შენობაში მყოფი ადამიანები?” – გაეცანით მასალას „პუბლიკის” არქივიდან: