პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელი სიტუაცია არ ჰგავს 2020 წლის სიტუაციას – მისი თქმით, დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში. ამის შესახებ მან „მთავარი არხის” ინტერვიუში ისაუბრა.
„ის პარტიები რომ არ შევლენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ არ შევლენ – უაზრო შედარებები 2020-თან, რომელიც სულ სხვა რამ იყო, იქ არ იდგა საკითხი ქვეყნის მომავლის, პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში და არ იყო განცდა საზოგადოებაში, რომ ქვეყანა მიდის სხვა მიმართულებით; რომ მასიურად გაყალბდა არჩევნები; ის განცდა, რომ მოგვიპარეს არჩევნები და ქვეყანა ეს განცდა არ არსებობდა, ამიტომ ძალიან განსხვავებული სიტუაციაა დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა სანქციებზე და განაცხადა, რომ ეფექტური იქნება პერსონალური სანქციების დაწესება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს.
„არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად არიან და ის ახლო ბიზნესწრეები ამ ხელისუფლების, რომელზედაც არის დამოკიდებული, ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებზე, რომლებმაც დღეს გააყალბეს არჩევნები. ეს არის ის ეფექტური სანქციები, რაც შეიძლება იქნას მიღებული.
ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, შეიძლება, იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით ყველა იმ დახმარებაზე, რითაც ჩვენი ბიუჯეტი ძალიან დამოკიდებულია და ესეც გააძლიერებს იმ ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს, მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რომელიც დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე.
ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მე რამდენადაც ვიცი მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ამაზე მეტი არ ვიცი”, – თქვა ზურაბიშვილმა.
მან ისაუბრა დასავლეთზეც და აღნიშნა, რომ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენს ბედს, თუმცა „შიდა და გარე იზოლაცია” ამ ხელისუფლებას „ჩამოშლის”.
„გავიგოთ, რომ ესენი არ გადაწყვეტენ ჩვენს ბედს, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვიცოდეთ, რას გავაკეთებთ. მაგრამ ის, რომ დასავლეთი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩამოყალიბებული დემოკრატიის მთავარი საფუძვლები, ამდენი თანხებია ჩადებული და ამ ყველაფერთან ერთად მარტივ რაღაცებს გვთხოვდა, რომ სასამართლო შეინარჩუნეთ დამოუკიდებელი და გააგრძელეთ მთავარი რეფორმები.
ყველაფერს ვერ წაიღებს უკან, მაგრამ მაქსიმუმი იქნება ინდიფერენტული და აღარ ჩაერთვება ჩვენს პროცესებში, რაც ნიშნავს, რომ იზოლაცია იქნება სრული… მე მგონი ეს ჩამოშლის ამ ამ ხელისუფლებას – შიდა და გარე იზოლაცია, შენს თავთან ერთად ერთ ქვაბში რომ მოიხარშებიან ესენი, სადამდე უნდა იხარშებოდნენ ერთ ქვაბში? შანსი არის, თუ მოვიდნენ აზრზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, „მთავარი არხის” ეთერში.