ზურაბიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობაზე მორიგ განცხახებას ავრცელებს, ამბობს, რომ პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც მოქალაქეობის შესახებ კანონს.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ განცხადებაში აზუსტებს, რომ მას ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად, ვადა 3 თვე აქვს. ზურაბიშვილმა თავდაპირველად, როდესაც თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობას ფარცხალაძეს არ შეუწყვეტდა აღნიშნა, რომ ეს „ამ ეტაპზე არ მიაჩნდა მიზანშეწონილად”.
„საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“ ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას”, – წერს ზურაბიშვილი.
განცხადების ბოლოს კი, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ „ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა”.