საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გააკრიტიკა. დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშბილმა თქვა, რომ თავდაცვის მინისტრმა 26 მაისს საზეიმო ღონისძიებაზე პროტოკოლი დაარღვია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პროტოკოლის დაცვა და ის არ უნდა იყოს მორგებული „ვიღაცის ამბიციებს“.
„არ შეიძლება რომ არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე. ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა. პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არადა იწყება გაუთავებელი – მე პირველი ვარ, შენ – მეორე და ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი.
მე არაფერი არ მწყინს დიდი ხანია ამ ქვეყანაში და ამითი ვერავინ მაწყენინებს. მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას.
კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არ მოხდეს არაფერი, რაც არ უნდა აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული.
ამისთვის, სხვათაშორის, მე 3 წელია ვცდილობ, რომ შეგვექმნა პროტოკოლის საერთო უწყება, სხვადასხვა სამინისტროს კოორდინაციით და თუნდაც საპატრიარქოსთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, მაგრამ არ იქნა, რადგან ყველას აქვს თავისი რაღაც კერძო, პატარა, ამბიციები.
პროტოკოლი ასევე არის პატარა სახელმწიფოების საერთაშორისო დონეზე დაცვა. თუ არა პროტოკოლი, ჩვენ ყველგან, საერთაშორისო შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის გამოგონილი იმისთვის, რომ მოერგოს ვიღაცის ამბიციებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
დიასპორის ფორუმს, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა, ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები.