საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს იარაღი და არც ექნება, მაგრამ, მისი აზრით, სანაცვლოდ აქვს ცოდნა და მეცნიერება, რომელიც უნდა გამოიყენოს.
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება; არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ქართულ ენასა და კულტურასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი აზრით, აუცილებელია მეტად იყოს დაცული ენა და კულტურა. „ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, დღეს მით უმეტეს. იმიტომ, რომ ჩვენ გლობალიზაციის პერიოდში ვართ და არ შეიძლება, რომ დავიკარგოთ“, – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ შეიქმნას გარკვეული პლატფორმა, რომელიც ენის, ქართული მეცნიერიებისა და კულტურის დაცვას მოემსახურება. ასევე, სურს, აღდგეს გამოცემები ქართული დიასპორებისთვის უცხოეთში. ისეთი, მაგალითად, როგორიც იყო, მისი აზრით, გამოცემა „ბედი ქართლისა“.
„ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ყოველთვის კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი. ესეც უნდა ჩვენ თვითონ, ჩვენ თავში ისევ დავიჯეროთ. ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით რატომღაც, როცა გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები“, – თქვა ზურაბიშვილმა.