საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში იმყოფება. ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
ზურაბიშვილი დაესწრო წინასაინაუგურაციო წვეულებას, სადაც ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს შეხვდა.
მე-5 პრეზიდენტმა TV პირველს განუცხადა, რომ აშშ-ში მზად არიან, საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარონ.
„მზად არიან, რომ დაგვეხმარონ ახალი არჩევნების მოწყობაში, რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირობები შეიქმნას, ისეთი, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ სამართლიანი იქნება შემდეგი არჩევნები.
ამაზე ვიმუშავებთ, მაქვს მათი მზადყოფნა, რომ ყველანაირად დაგვეხმარონ და ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ის მოთხოვნები, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, ახლი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
უნდა ძალიან სწრაფად ვიმუშაოთ, ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომ ერთად მოვამზადოთ ახალი არჩევნები. არა მხოლოდ ვისაუბროთ ახალ არჩევნებზე და მის აუცილებლობაზე, არამედ მოვამზადოთ ეს არჩევნები. ამით მე ვარ ძალიან გამაგრებული, რომ ეს მხარდაჭერა არსებობს.
ის, რომ რესპუბლიკური ინსტიტუტი ასე მზადაა, ჩვენ ვნახეთ მათ ანგარიშში, რომელიც იყო მკაფიო არჩევნების გაყალბების შესახებ. მათ აქვთ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები და ამითაც შეიძლება, ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა მან.
ამავე ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო მისი სახითაა ინაუგურაციაზე წარმოდგენილი და ის ამით ბედნიერია.
„არ შეიძლება, რომ რეჟიმი იყოს დასანქცირებული, როგორიც არის უკვე მისი მთავარი წარმომადგენლები. არ შეიძლება სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი იყოს მიკერძოებული და ერთი ადამიანის ხელში და ამ დროს ვინმე საუბრობდეს ლეგიტიმაციაზე, ეს მხოლოდ არჩევნების საკითხი აღარ არის. ესაა საკითხი, რომელიც ეხება რეჟიმს, რომელიც გამოვიდა კონსტიტუციიდან. რომელსაც აღარ აქვს არცერთი ნიშანი დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის. და ვერ ექნება ვერცერთი პრეტენზია რომ იყოს ლეგიტიმური წარმომადგენელი ჩვენი ხალხის, ესაა ჩემი მთავარი გზავნილი აქ.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება.