ზურაბიშვილი: ცესკოს ცვლილებები გაყალბების ფორმის აღიარება და კარუსელების ლეგალიზებაა

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებს ზღუდავს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფორმის აღიარება და კარუსელების ლეგალიზებაა.

„ცესკოში ცვლილებები აღიარებაა იმისა, რა ფორმით მიდიოდა გაყალბება, ერთ-ერთი ფორმა, რომ არ სთხოვდნენ ადამიანებს პირადობის დადასტურებას და დღეს უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ლეგალიზება ამ გაყალბების ფორმის, ანუ კარუსელების ლეგალიზება. ეს მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ, ერთი მხრივ და ემზადებიან არჩევნებისთვის.

ვისაც აქვს ეჭვი, რომ იძულებული გახდებიან რაღაც მომენტში, დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს უყუროს იმას, რას აკეთებენ, რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცვლილებები შეიტანა 3 დადგენილებაში.

შედეგად, დამკვირვებლებისთვის დაუშვებელი ხდება: 

  • კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
  • ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
  • ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

ამასთან:

დაუშვებელი ხდება ფოტო- და ვიდეოგადაღება ისეთი ინფორმაციისა, რომელიც „არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას (მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრის, ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია საარჩევნო კანონმდებლობით“.

ცესკოს დადგენილებით, მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტო-ვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3-მეტრიანი დისტანციის საშუალებას.