„ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსნის განცხადებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის 18 თებერვლის განცხადება არის სალომე ზურაბიშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების დავალება და რომ ეს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევაა.
საქმე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიმართვას სალომე ზურაბიშვილისადმი 18 თებერვალს, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, პანელურ დისკუსიაზე.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვს კარგი უნდათ“. – თქვა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონელი დიპლომატის ამ განცხადების შეფასებისას ნინო წილოსანმა თქვა:
„არაკორექტული იყო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დამნაშავე და რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს. ეს იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა და გარკვეულ წილად კანონის უზენაესობის პრინციპის, ასე ვთქვათ, არასწორი ინტერპრეტირება. ამავდროულად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სინქრონულად ხომ არ ხდება და მას ნამდვილად ეს ხომ არ სჭირდებოდა გარკვეულწილად დავალებასავით მიეღო, რომ შემდეგ მისი არა და არასდროს გადაეთქვა”.
„ქართული ოცნების” დეპუტატები სიკორსკის განცხადებას კამპანიურად გამოეხმაურნენ.
ირაკლი ზარქუა დაემუქრა სალომე ზურაბიშვილს.
„მრჩება შთაბეჭდილება, ალიბს იკეთებს ქალბატონი სალომე, რომ ჰქონდეს საფუძველი, შეიწყალოს ბატონი სააკაშვილი და შემდეგ თქვას, მე კი არა, ევროპელებმა მთხოვესო. მიუღებელია კატეგორიულად. თუ ამ ნაბიჯს გადადგამ, ქალბატონო სალომე, თქვენ იქნებით მონაწილე იმ რეჟიმის მხრიდან უამრავი ახალგაზრდის ჩახოცვის, თქვენ იქნებით თანამონაწილე ბიზნესის რეკეტის, რაც მაგ რეჟიმის დროს იყო, თქვენ იქნებით მონაწილე ყველა იმ უმსგავსო ქმედების, რასაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი სჩადიოდა. ასე რომ, ფრთხილად იყავით, ემანდ, ხელი არ გადაგიცდეთ“. – თქვა ირაკლი ზარქუამ.
ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ეძებს ალიბს და არგუმენტს მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად, მმართველი პარტიის სხვა წევრებმაც გაიმეორეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით:
„ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. სალომე ზურაბიშვილი ჩართულია თამაშში, რასაც თამაშობს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”.
ხოლო მიხეილ სარჯველაძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, არგუმენტი ნახოს მოღალატეობრივი ნაბიჯის გადასადგმელად, რასაც ჰქვია სააკაშვილის შეწყალება”.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უშუალოდ რადოსლავ სიკორსკის მოუწოდა, „პირადმა ურთიერთობამ არ გადაწონოს სახელმწიფოთაშორისი”.
„მას არ უთქვამს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არის, პრეზიდენტი არ იყენებს შესაძლებლობას, რომელიც აქვს, ან სააკაშვილი უკანონოდ ზის ციხეში. ასეთი განცხადებები სიკორსკისგან არ ყოფილა. მე არ მითქვამს, რომ მეგობრობამ გადაწონა სახელმიწოფოთაშორისი ურთიერთობები. მე მოვუწოდებ [სიკორსკის], რომ მომავალში არ გადაწონოს. ერთია პირადი ურთიერთობები, პირადი მეგობრობა, მეორეა სახელმწიფოთა ურთიერთობები”. – თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული დეპუტატის, „ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით კი, „სამარცხვინო საქციელია, რაც სააკაშვილთან მყოფმა პოლონელმა ექიმებმა ჩაიდინეს. ჯერ ამაზე აგონ პასუხი, ქართველ ხალხს პასუხი გასცენ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები”.