ზურაბიშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის ინიციატივით გამოდის

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის ინიციატივით გამოდის – ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

„გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა, და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით.

გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას  შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება.

მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა  ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე…

მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ. რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.