საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემას რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე, საქართველოსთვის ამ შეჭრის ახლანდელ და სამომავლო შედეგებსა და სახელმწიფოების სათავეში მყოფი ქალების როლზე ესაუბრება.
საქართველოს მდგომარეობაზე შეკითხვის პასუხად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკულად საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე დაბალია, რადგან ძირითადად აზერბაიჯანი გვაწვდის გაზს და თურქეთი – ნავთობს.
„ასე რომ, ჩვენ გვაქვს გარკვეული წინააღმდეგობის უნარი, მაგრამ რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოა. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზები თავის სამხრეთ ნაწილში, სამხედრო ბაზები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დიდი ბაზები საქართველოს სამხრეთით, სომხეთის ტერიტორიაზე.
ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ, მაგრამ საქართველოს აქვს გარკვეული წინააღმდეგობის უნარი, რადგან უკვე 26 საუკუნეა, ამ სტრატეგიულ რეგიონში ვართ; ჩვენ გვიპყრობდა, პრაქტიკულად, ყველა არსებული იმპერია. რუსეთი ორი საუკუნის განმავლობაში ოთხჯერ შემოიჭრა საქართველოში.“ – ამბობს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი წინ მიდის და ევროპული პერსპექტივა, რომელიც ადრე აღიქმებოდა, როგორც ჰორიზონტი, რომელიც მიახლოებისას შორდება, რეალური ხდება.
შეკითხვაზე, არის თუ არა აღმოსავლეთ ქვეყნების მხრიდან ევროკავშირთან ან ნატოსთან დაახლოება რუსეთის მიმართ პროვოკაცია, უპასუხა, რომ ევროპული სწრაფვის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი წყვეტს ტერიტორიების ოკუპაციას.
„ამის არასდროს გვჯეროდა: ევროპული სწრაფვის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი წყვეტს ტერიტორიების ოკუპაციას, ან სხვაგვარად იქცევა. უპირველეს ყოვლისა, ქართველებს სჯერათ, რომ ვერაფერი ვერ შეაცვლევინებს მათ პერსპექტივას.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მხოლოდ დააჩქარა ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის პროცესი. ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები ძალიან ხელშესახები პროგრესია.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საუბრისას თქვა, რომ მთელი მსოფლიო გაოცებულია უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობის უნარით, მათი თავდაცვის ორგანიზებითა და მოსახლეობის ერთიანობით
„არის ერთსულოვნება. არ მსმენია დისონანსური ხმები, როგორც ხანდახან ხდება ხოლმე, როდესაც ომი გრძელდება: მოსახლეობა სრულიად ერთსულოვანია თავისი პრეზიდენტის უკან, რაც, მართლაც, უპრეცედენტოა. ეს ორი ელემენტი ერთად ხსნის, რა არის უკვე გამარჯვება, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს.“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ამ ომს რეგიონისთვის საბოლოო შემობრუნებას უწოდებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის საბოლოო შემობრუნება. ჩვენ არ დავუბრუნდებით წინა მდგომარეობას. ვფიქრობ, უკრაინის დამოკიდებულება ძალიან ცხადია: მას არ შეუძლია დათმობაზე წავიდეს ამდენი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის, ქვეყნის ნაწილის განადგურების შემდეგ. ეს გამარჯვებისათვის გაღებული ძალიან მაღალი ფასია.“