საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტიებთან კოორდინაციის ფარგლებში დღეს ერთობლივ წერილს გაუგზავნიან ევროპელ ლიდერებს, რომლებიც მომავალი ორი დღის განმავლობაში ევროპული საბჭოს სხდომისთვის შეიკრიბებიან. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არ არის – მისი თქმით, არ შეიძლება საქართველოში მიმდინარე სიტუაცია „ჩაკეტილ პოლიტიკურ კრიზისიდან” განიხილონ.
„[პარტიებთან] კოორდინაციის ფარგლებში, დღეს გადაიგზავნა და ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერილით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი ამ მომენტისთვის მოიცავს ძირითადად უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს, სადაც დღეს არ წერია საქართველო, როგორც ერთ-ერთი თემა ამ დღის წესრიგის და სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ რაც არ უნდა სხვა პრიორიტეტები იყოს, გასაგებია ჩვენთვისაც, რომ ის სხვა პრიორიტეტები არ ითმენს, არ შეიძლება, რომ არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, რაც ხდება დღეს საქართველოში, რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაფართოება და ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე, ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც მოიცავს ევროპას, რომელმაც უკრაინაში მიიღო სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის ჰიბრიდული ფორმით – იგივე აგრესიაა საქართველოს მიმართ. საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა…
ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ,
[…] საქართველოა რის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა არსებობდეს ისეთი გამოწვევები, რომელიც უფრო იწვევს ყურადღებას – იქ მოთხოვნაა, რომ მომავალი ევროპულ საბჭოზე იქ უშუალოდ იყოს ჩაწერილი დღის წესრიგში საქართველოს საკითხი და მანამდე მზადყოფნა იმის, რომ მეც და ეს კოორდინირებული პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ”, – განაცხადა მან.
მან ასევე ისაუბრა პროკურატურის მიერ ფონდების დაყადაღებაზე და თქვა, რომ ეს არის ომი „სოლიდარობაზე”.
„მინდა შევეხო დღევანდელ ვითარებას, იმ ახალ გადაწყვეტილებებს, რასაც პრაქტიკულად ყოველდღე იღებს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც მთლიანობაში უდრის გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ – ყველაზე ახალი და საგანგაშო ამ ფონდების დაყადაღებაა, ესაა, პრაქტიკულად, ომი სოლიდარობაზე… ამ საკითხს უნდა მივხედოთ, სხვა გზები უნდა მოვნახოთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს”, – თქვა ზურაბიშვილმა.