ზურაბიშვილი: გამარჯვებისთვის საჭიროა ერთობა, პარტნიორების მხარდაჭერა, ალტერნატივა 

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას მან ილაპარაკა პროტესტის მიმდინარეობაზე, მის მნიშვნელობასა და იმ კომპონენტებზე, რომლებიც პროცესის გამარჯვებამდე მისაყვანად არის აუცილებელი.

ზურაბიშვილის თქმით, 7-თვიანი პროტესტის გამო საქართველო უკვე გამარჯვებულია, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი.

„და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება”. – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა ახსენა პოლიტპატიმრების მშობლებიც.

„არც ერთმა მშობელმა თავისი შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი დგაგან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები. ამიტომ ვართ უკვე გამარჯვებულები და ამიტომ გვაქვს უფლება, დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი”. – თქვა მან და დასძინა, რომ გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 3 რამ:

  • საზოგადოების ერთობა;
  • საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა და სანქციები;
  • პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა.

„პირველი კომპონენტი – ცხადია, რომ საზოგადოების ერთიანობის ღერძი არის ის პროტესტი, რომელიც აქ, რუსთაველზე, ჯიუტად, ყოველ საღამოს დგას და დგას და დგას ბოლომდე. და ეს პროტესტი არის, როგორც აისბერგის მწვერვალი. ყველას აერთიანებს.

არ შემიძლია, არ ვახსენო თეატრის მსახიობები, რომლებიც იყვნენ და არიან წინა პლანზე; სტუდენტები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც ძალიან ადრე გაიწვიეს, მუშები ჭიათურაში – მაღაროელები. ამ ქვეყანაში ყველა სფეროს წარმომადგენელი, რომელიც თუ ვერ დგას აქ, გულით აქ არის და როცა დრო დგება, ყველა აქ იკრიბება.

და ვისაც ეპარატავება პროტესტი და ამბობს, რომ რა ცოტანი არიან, იმათ ალბათ გუშინ და გუშინწინ საღამოს ნახეს შეკრებილი ახალგაზრდობა ლისის ტბაზე. ეს არის ის პროტესტი, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს, როგორც დიდი ტალღა, ისე აღიმართოს რუსთაველზე.

ამიტომ, ჩვენ ვიცით, რამდენნი ვართ, ჩვენ ვიცით, რომ ძლიერნი ვართ და ეს არის საზოგადოების უდიდესი ძალა.

მაგრამ ეს არ გვყოფნის:

გამარჯვების მეორე კომპონენტი არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერა. ჩვენ, აქ ვინც ვართ, ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. დღეს ჩვენ მთელი დღეა, ვისმენთ მილოცვებს, რომლებიც არის მილოცვა ქართველი ხალხისადმი. ეს არ არის ჩვეულებრივი პროტოკოლური მილოცვები, რომელსაც მეც ვიღებდი პრეზიდენტობის პირველი მანდატის დროს. ეს არის მილოცვა თქვენდამი. მილოცვა იმ ხალხის გამბედაობას და გამძლეობის, მილოცვა და სურვილი, თქვენი გამარჯვება მალე მოვიდეს და ამის მხარდაჭერა და იმ დემოკრატიის და ევროპულობის იმედის მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან. მინდა, მათ თქვენი სახელით დიდი მადლობა გამოვუცხადო.

ის მუშაობა, რაც გავწიეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივად – ყველამ მიაღწია იმას, რომ არჩევნების შედეგები ჩვენი მეგობრების მიერ აღიარებული არ არის. იზოლირებულია ეს ე.წ მთავრობა ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის ერთი შედეგი. მეორე შედეგია სანქციები, რომელიც პირდაპირ ეხება იმ ადამიანებს, რომელთა პასუხისმგებლობაც არის ის სასტიკი ძალადობა, რომელიც ვიხილეთ. სანქცირებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ და ეთანამშრომლებიან. ეს არის ამ სანქციების დასაწყისი, ტალღა, რომელიც გაგრძელდება.

მესამე კომპონენტია, რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ის ისარგებლებს თქვენი ნდობით და ჩვენი პარტნიორების ნდობით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერც ერთი პარტია მარტო ვერაფერს ვერ მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანია, შემოიტანოს საზოგადოებაში დაყოფა. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი – „დაყავი და იბატონე“ – და ეს არ უნდა დავუშვათ”.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქართულ ჯარს და პოლიციას.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა:

„არ შემიძლია, დღევანდელი დღე არ მივულოცო ქართულ ჯარს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სტკივა სახელმწიფოებრიობის გაქრობა.

გაგიკვირდებათ და მინდა, ასევე მივულოცო ქართულ პოლიციას დღევანდელი დღე. რამეთუ მე დარწმუნებული ვარ, ისინი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ილაპარაკა ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დანიშნული და თქვა, რომ უნდა ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ კი ადგილობრივი.

„ან ბოლოს და ბოლოს თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი.

ამისთვის აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით ამ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის. აუცილებელია მზადება, რომ დამკვირვებლები, მთელი არმია მოვამზადოთ აქ და დღესვე, ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს, აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიყოს რეგისტრირება,. რომ ეს არ იყოს ბოლო წუთში, მოუმზადებელი და დაგვიანებული.

ეს მზადება არის ჩვენი საერთო, იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ყველა ოპოზიციამ დაიცვას ყველას ხმა.

ეს არის გამარჯვების ფორმულა. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მისატანია ბო-ლო-მდე!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.