„მე მჯერა თქვენი და მჯერა იმისი, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე. ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა არის ერთი და უალტერნატივო – ახალი არჩევნები“,- მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
„მე მჯერა თქვენი და მჯერა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე და ეს სწორი გზა რა არის. ყველა კითხულობს რა არის გეგმა? გეგმა არის უალტერნატივო – ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი უცხოელი პარტნიორები ითხოვს ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის მსოფლიოში, რომ როდესაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს ქვეყანაში, გრძელდება უკვე 4 თვეა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, არჩევნების გარდა. არჩევნები ნიშნავს, როდესაც კრიზისია, შენ უბრუნდები ხალხს და ხალხს ეკითხები – შენი ნება რა არის და საქართველოს ხალხის ნება არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ასე რომ, ეს არჩევნები დაინიშნება. ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას. ამიტომ, რა უნდა იყოს გეგმა? მომზადება არჩევნების და ეს გადის რამდენიმე საკითხზე.
ერთი, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს არჩევნების პირობებზე. მეორე – უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ეს იმას ნიშნავს რომ დღესვე, თუ არა გუშინ, უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი უნდა მოვამზადოთ, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი გასაკეთებელია და დღეს უნდა დავიწყოთ.
მესამე და ამაზე ვმუშაობ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ყველაზე სანდო პარტნიორებისგან, ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ ის ფორმები გაყალბების, რაც გამოიყენებს, ვეღარ გამოიყენონ – ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს, ეხება ბევრ რამეს, ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი დღეს მუშაობს არჩევნების საკითხზე, რამეთუ მათ კარგად გაიგეს, რომ მანიპულაცია და გაყალბება არჩევნების გახდა რუსეთისთვის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან და შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია და ამისთვის, ყველამ უნდა შეისწავლოს აქ რა მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ არასდროს“,- ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის უშუალოდ პასუხისმგებელი, რომ მეტი კოორდინაცია იყოს, იმისთვის რომ უფრო ეფექტური გახდეს არამარტო პროტესტი, არამედ პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც „ახლა გადადის გაზაფხულის ფაზაში.”