საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის გაოგენებულია ამ გამოსვლის შინაარსით. პრეზიდენტის თქმით „ეს საქართველო არაა და ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული?! ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს.“ თქვა პრეზიდენტმა.
„დავანებოთ თავი ერთი წელი რა მოხდა, რა ხდებოდა და რამ განაპირობა ის გადაწყვეტილება რაც იქნება მიღებული ორ დღეში. აქ მნიშვნელოვანი ის არის რა ხდება ახლა, რას ვაკეთებთ ამ ბოლო დღეებში იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი წარმოვაჩინოთ პოზიტიურად და მივიღოთ წარმატებული შედეგები.
ერთის მხრივ მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ თავისი სათქმელი თქვას. საზოგადოება გამოვიდა და მკაფიო გზავნილი გაუგზავნა ბრიუსელს. ის რაც ვნახეთ ორშაბათს იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ერთიანობა.
სამწუხაროდ დღეს ვნახეთ მეორე სახე, მე ვარ სრულიად შეშფოთებული რაც მოვისმინე პარლამენტში, ჯერ რაც დავინახეთ პარლამენტში იმის საპირისპიროა რაც საზოგადოებამ აჩვენა. პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა – დაპირისპირება, ლანძღვა, არმოსმენა, ერთმანეთის გაუტანლობა. ყველაფერი რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ.
ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, თუ რამე გამოსვლა შეიძლება ყოფილიყო რომელიც ბრიუსელისკენ გააგზავნიდა ნეგატიურ სურათს და გზავნილს, რომ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, ვართ უკეთესები ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა და ერთადერთი ის რომ თქვენ ომი გინდათ და ჩვენ ომი არ გვინდა. აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი გამოსვლა თავისი შინაარსით.
როცა ელოდები პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოგეთხოვება რომ შენი ხალხის ხმა გაიგო და მეორე, შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან პარტნიორები. ისინი ელოდებოდნენ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, გავაანალიზებთ და მზად ვართ, რომ ყველამ ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის რაც არის ჩვენს მიმართ არის გზავნილი, რომ თუ გადავადგამთ რამდენიმე ნაბიჯს თქვენს მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.
მთელი მოსახლეობა და მეც გაოგნებული ვართ და მე მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი რომ ეს საქართველო არაა და ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნებას, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული – ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს.“- თქვა პრეზიდენტმა.