ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე: არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა მისივე განცხადებით, „წინასწარ საუბარი იმაზე, რომ სტატუსს უთუოდ მოგვცემენ არ შეიძლება”.

როგორც ზურაბიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, თავად სტატუსის მისაღებად „ყველაფერი გააკეთა”, თუმცა გასაკეთებელი კვლავ რჩება, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკუთარ გეგმებზე რამდენიმე დღეში ისაუბრებს.

„ჩვენ დიდი ალბათობით მივიღებთ სტატუსს. ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით ამას მივაღწევთ. ჩემი აზრით, ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ არ მოცემა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის ნიშნავს რუსეთისთვის ერთგვარ საჩუქრის გაკეთებას და ამის სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ.

მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივართ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ სწორი არ არის, არც ეთიკური იმის ძახილი, როცა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი. ამის მიმართ იმის თქმა, რომ 100 პროცენტი სტატუსი გარანტირებულია არის ან არცოდნა სისტემის ან არასწორი ყველანაირად.

დაველოდოთ ვიყოთ იმედიანად. ყველაფერი გავაკეთოთ და კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. მე რამდენიმე დღეში გეტყვით, რას გავაკეთებთ ერთად და ამაზე დეტალებში უკვე მომდევნო დღეებში გაიგებთ ყველაფერს, ჩვენი როლი დიდია და თქვენი როლი”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს. 

პრეზიდენტმა სტუდენტებს ორბელიანების სასახლეში გუშინ, 3 ნოემბერს „დიპლომატიის დღესთან” დაკავშირებით უმასპინძლა. მიმართვის შემდეგ, ზურაბიშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის, ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ კანდიდატის სტატუსს და იმ შეფასებას ეხებოდა, რომელსაც ქვეყანა ევროკომისიისგან ელოდება.