ზურაბიშვილი ხალხს: ყველაზე მეტად ეს დღე თქვენია - ქართველმა ხალხმა თავისი გზა აირჩია

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა საქართველოს მოსახლეობას ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი შეფასების მოცემა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს დღე არის ქართველი ხალხის, რომელმაც აირჩია ევროპული გზა. პრეზიდენტის თქმით, ხალხს ამ გზიდან არ გადაუხვევია.

,,ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს,   ჩვენი პასუხი ოკუპაციას” – თქვა ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, სადაც მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.

,,გილოცავთ ჩემი თანამემაულენო – აქ, საქართველოში და ვინც საზღვრებს მიღმა ხართ, გილოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მაცხოვრებელს, რამეთუ, ერთი რამე ნამდვილად ვიცი – ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა.

გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა, დღეს მე ნამდვილად მიხარია და დღეს ჩვენ ყველას ერთად გვიხარია.

ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და წინსვლისთვის იბრძოდა და სიცოცხლეს შესწირეს. ეს დღე აუცილებლად ილიასია, რადგანაც დღეს მისი დაბადების დღეა, მაგრამ ეს დღე ასევე აკაკისაა, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან საბასი, ერეკლესი და და, და… არ შემიძლია, ყველა ჩამოვთვალო, იმიტომ, რომ ეს დღე ყველასი ერთად, ვინც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო გამხდარიყო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურის და იდენტობის საფუძველზე.

ეს დღე ზვიადის და მერაბისაა, ეს დღე ასევე ზურაბ ჟვანიასია და ამ ქვეყნის ყველა მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვა ლხინსა და ჭირში, ომის, ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია და აღარ უყოყმანია ამ გზაზე. ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი დაცულობის, ჩვენი მშვიდობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გზაა, სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის, ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება.

ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო, ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა, ყველას დღეა, რამეთუ ამ შეუპოვარ სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და ჩვენი მომავალიც. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს ჩვენი პასუხი ყველა მის უღირსობაზე და ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს სინამდვილეში აქ არიან, ჩვენთან ერთად არიან, რადგან ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროკომისიამ დღეს, 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ამასთან, ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გასცა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.