ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე: სამარცხვინოა, ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა

პუბლიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება, რომლითაც მან აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.

ზურაბიშვილის განცხადებით, წერილი სამარცხვინოა და მაჩვენებელია ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის.

„პირველ რიგში, ეს სამარცხვინო წერილია, რადგან მას არც პროტოკოლური და არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი არ გააჩნია. არ ვიცი, ვინ დაუწერა, არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს, არის სრული სასოწარკვეთა ხელისუფლებისა იმის მიმართ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც „მეგობარი აქტის” შედეგებს ვერ დაალაგებს და ცხადია, რომ ძალიან დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ წრეში.

ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი, რომელსაც ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ, დღეს ამისთვის არ სცალია და ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მათთვის იქნება გამაოგნებელი წერილი იმ ქვეყნისგან, რომელსაც 30 წელზე მეტია ამერიკა ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება.

ამერიკა, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა, მოამზადა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტები, რაც მოგვეხმარება იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილზე და 30 წელი ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების. ეს არის ჩვენი პასუხი. ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება, არ ვიცი, მაგრამ ეს რომ არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიდე-პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა. წერილში ის ავითარებს პროპაგანდისტულ ნარატივებს და კვლავ საუბრობს Deep State-ზე, „რევოლუციურ სცენარზე“ და აკრიტიკებს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები კვლავ ძალაშია.