„არ შეიძლება ამას ჩუმად შევხდეთ და რეაგირება არ გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა და ტოვებს ევროპული ინტეგრაციის გზას და უერთდება რუსეთის გზას – დამონების გზას, რომელიც გავიარეთ და რომლიდანაც გამოვედით“,- ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილი გამოეხმაურა, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ თურქმენეთში „სამშვიდობო ფორმუმში“ მონაწილეობას, რომელშიც ასევე მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს და იმ საზარელ სურათს, რაც ჩვენ დავინახეთ ეკრანებზე – ამ ქვეყნის ე.წ. პრემიერი, რომელიც თურქმენეთშია ჩასული, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემაა ნეიტრალიტეტი, ამ კონფერენციას ესწრება პუტინის გვერდში დგომით. არა მხოლოდ გვერდით უდგას, არამედ როდესაც პუტინი გამოდის სიტყვით, კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან, რაც არის პროტესტის ჩვეულებრივი ფორმა. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, თუ სად მიდის და სად არის მისული ეს რეჟიმი…
ნეიტრალიტეტი არის ოცნება არა საქართველოს, არამედ რუსეთის, რომ დაამკვიდროს ნეიტრალიტეტი უკრაინაში, საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ. ეს არის რუსეთის საუკუნის ოცნება, რასაც ასრულებს ივანიშვილი-კობახიძის რუსული რეჟიმი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა.
ის აშხაბადში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო. მედიაში გავრცელდა ფორუმზე გადაღებული ჯგუფური ფოტოები და ვიდეოები.