10 ივნისს იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.
„ოცნების” მთავრობის ფეისბუქგვერდზდე წერია, რომ „მილანში, ვისკონტების სასახლეში, ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა”.
რეალურად, გენერალური საკონსულო მილანში 2023 წლის 24 ნოემბერს გაიხსნა. გენერალურ კონსულად ნატალია კორძაიაც 2023 წლიდან არის დანიშნული.
თავად საკონსულოს ფეისბუქგვერდზე 2023 წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტში წერია:
„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ 2023 წლის 24 ნოემბრიდან ქ. მილანში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ დაწყო საკონსულო სერვისების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის ოლქს წარმოადგენს იტალიის რესპუბლიკის შემდეგი რეგიონები: ლომბარდია, ემილია რომანია, ვალე დ’აოსტა, პიემონტე, ლიგურია, ვენეტო, ფრიული ვენეცია ჯულია, ტრენტინო ალტო-ადიჯე”.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ასეთი რამ [საკონსულოს წელიწად-ნახევრის შემდეგ გახსნის ცერემონია] დიპლომატიას არ ახსოვს”.
„მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან. ვადაგასული „გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარ-ზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით ე.ი. სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?
ერთი იმით, რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და შოპინგობენ.
მეორე, რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია (მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფასდაუდებელი გახდა და ამიტომ აფრიალებენ ამ სურათებს).
მოკლედ, ყველაფერი იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს…“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.