სალომე ზურაბიშვილმა აქციის დაწყებამდე სპეციალური მიმართვა გაავრცელა. პირდაპირ ეთერში მან ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყნის საერთო ინტერესისთვის მუშაობაა საჭირო. ის ასევე მიესალმა პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ აქციის მშვიდობიანად ჩატარებისთვის.
„იშვიათად დგება ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი დღეები. ახლა ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიის. მე ვცდილობ რომ ეს ბოლო დღეები ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად გამოვიყენოთ. მე პირადად ვაგზავნი წერილებს ჩვენ პარტნიორებთან. ჩავწერეთ მიმართვებს და გავუშვებთ twitter-ზე. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომ მოგვანიჭონ ევროპული პერსპექტივა, ეს დიდი რამ არის, რომელზეც, ალბათ, ვერც ვიოცნებებდით. ჯერჯერობით, კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს და გვაძლევენ იმედს, რომ თუ რეფორმებს განვახორციელებთ, მოგვანიჭებენ.
მე მინდა მივესალმო ყველას, ვინც დღეს მივა დემონსტრაციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახე ვაჩვენოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს აქ რაიმე ექსცესებისთვის და მივმართავ სამართალდამცავებს, რომ ყველაფერი გააკეთონ სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ასევე დადებითად ვაფასებ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას. ეს სწორია და ისაა რაც გვინდა“.- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.