საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
მისივე თქმით, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
„ჩვენ გვაქვს საშუალებები, გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად, მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით. და დღეს, მე ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით.
თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტი ინაუგურაციაზე მოწვევის, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის სხვათა შორის. თუ არა და ამის საშუალება რომ ყოფილიყო, ალბათ სხვებსაც ბევრს აქვს ჩემზე მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე. მთავარი ისაა, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია.
„მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. პატივს ვცემ მის გამბედაობას, ივანიშვილისა და მისი ჩინეთის კომპარტიისა და ირანული რეჟიმის მეგობრების თავდასხმის ფონზე“, – დაწერა 27 დეკემბერს სოციალურ ქსელ X-ზე ჯო უილსონმა.