საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს.
მისი თქმით, ახალი კანონი რეალურად არ ამარტივებს მოქალაქეობის მიღებას.
ზურაბიშვილმა ამის შესახებ გუშინ, 21 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი მოთხოვნა იყო, გამარტივებულიყო გამოცდები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად არის საჭირო. მათ შორის, ქართული ენიც გამოცდა იყოს ნაკლებად რთული საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის.
„საფასურიც იყოს განულებული იმიტომ, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მოქალაქეობას ვუბრუნებთ – ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღეს.
მხოლოდ ერთი სერიოზული რამ შეიცვალა – ეს არის ის, რომ გამოცდები, რამდენჯერაც გინდათ, შეგიძლიათ ჩააბაროთ და ნებისმიერ დროს გადაიხადოთ საფასური. ეს არის მთავარი ცვლილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ ადამიანებს ავტომატურად უნდა მიენიჭოს.
„თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელიც, მე მგონი, სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა”. – თქვა პრეზიდენტმა.
მან პოლიტიკურ პარტიებს მოუწდა, პარლამენტში შეიტანონ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გაამარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების კუთხით პროცედურებს.
კრიტიკის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა 1 ნოემბერს მიიღო. განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას.
ცვლილებით საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა. მანამდე მოქალაქეობის მიღებისთვის საართველოში 10 წლით ცხოვრება იყო საჭირო.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.
ახალი კანონით, წარუმატებლობის შემთხვევაში, მოქალაქეობის მსურველ პირს უფლება ექნება, შეუზღუდავად სცადოს წარმატების მიღწევა და დადებითი შედეგის დადგომისას სახელმწიფო დაიწყებს შესაბამის პროცედურას.
თუ სახელმწიფო დღეს აპლიკანტს ეტყვის უარს მოქალაქეობის მინიჭებაზე, მას ერთი წლის განმავლობაში აღარ შეუძლია ხელმეორედ მიმართვა. ცვლილებების შედეგად აღნიშნული ვადა მცირდება 6 თვემდე.